Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ ტაქტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა


ჩრდილოეთმა კორეამ შაბათს ტაქტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა ქალაქ ვონსანის რაიონში, იტყობინება სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო.

გამოცდის დეტალები ჯერჯერობით არაა ცნობილი. გრძელდება სადაზვერვო მონაცემების ანალიზი.

აპრილის შუა რიცხვებში კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი დაესწრო ახალი ტიპის „ტაქტიკური დანიშნულების მართული რაკეტის“ გამოცდას. როგორც ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, ამ გამოცდებს ფხენიანი ვაშინგტონზე ზეწოლისთვის იყენებს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის თაობაზე უშედეგო მოლაპარაკებების ფონზე.

თებერვალში გამართული მეორე ამერიკულ-ჩრდილოკორეული სამიტი უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან კიმი არ დათანხმდა თავისი სარაკეტო-ბირთვული პროექტის მთლიანად გაუქმებას რეჟიმის მიმართ სანქციების შესუსტების სანაცვლოდ. როგორც ჩრდილოეთ კორეის მედია იუწყებოდა, ქვეყნის მოსახლეობა „მზადაა წყლითა და ჰაერით იარსებოს“, მაგრამ არ დაჰყვება უცხოეთის ზეწოლას. ფხენიანმა ვაშინგტონს წლის ბოლომდე მისცა დრო „მოქნილობის გამოსაჩენად“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა გზებს იპოვის. ანალიტიკოსების აზრით, საქმე შეიძლება ეხებოდეს აკრძალული იარაღის გამოცდის განახლებას.

XS
SM
MD
LG