„თუ საქართველოს ცნობადობა არსებობს დღეს უცხოეთში და პირველ რიგში, ევროპაში, სწორედ კულტურულად არსებობს საქართველო და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი მონაპოვარი ამ საუკუნეების და ძალიან დიდი რესურსი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე სახელწოდებით „ კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“. მისი თქმით, როცა რესურსებზეა საუბარი, საქართველოს არც გაზი აქვს და არც ნავთობი, მაგრამ აქვს კულტურა.
„კულტურა საქართველოსთვის ეს არ არის მხოლოდ სიტყვა. კულტურა ეს არის საქართველოს არსი, ისტორია, წარსული და მომავალი. კულტურის გარეშე, რეალურად, საქართველო დღემდე არ მოვიდოდა. ის უცნაურობა, რომ საქართველო გადაურჩა ამდენ საუკუნეს, ამდენ შემოტევას, ამდენ შევიწროებას, ეს სასწაული დაკავშირებულია სწორედ თავის კულტურასთან, თავის ევროპულ, ქრისტიანულ კულტურასთან.
ჩვენ, საუკუნეების მანძილზე ამ ქვეყნიდან გავდიოდით არა ჯარებით, არამედ მონასტრების აშენებით. გავდიოდით კულტურით და დღესაც გავდივართ კულტურით”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დღევანდელი ევროპული კულტურა საქართველოში თავისი კანონმდებლობით და წესრიგით შემოვიდა, რამაც განაპირობა ქვეყნის განვითარება და დემოკრატიულ წარსულში დაბრუნება. "მაგრამ მე მგონი, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს კიდევ მეტი ამბიცია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა:
„ევროპულ კულტურაში ნახსენები იყო ყველა ნაბიჯები, რაც გადაიდგა და რასაც ჯერ კიდევ ვაპირებთ, მაგრამ მე მგონი ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს კიდევ მეტი ამბიცია. ჩვენ გვაქვს უფლება, უნდა ვითხოვდეთ და მივაღწიოთ, რომ შევიდეთ სრულყოფილად ამ კულტურულ სივრცეში, რომელსაც ვეკუთვნით. შეიძლება ჯერ არ ვიყოთ მზად ბოლომდე სოციალური კანონმდებლობით, ფინანსებით, თუ ეკონომიკით, შესაძლოა, ჯერ კიდევ საჭირო იყოს, რომ დონე აიწიოს ქვეყნის, რათა ამ ევროპულ სივრცეში სრულყოფილად მიგვიღონ.
კულტურას რაც ეხება, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც ევროპის ნაწილი. ეს არის წინაპირობა, ყველაფერი დანარჩენი ჩვენი ურთიერთობების ეს არის ძირითადი ჩვენი არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა და ეს არის რისკენაც მივდივართ, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის იქნება ყველაზე ნაღდი ნიშანი, რომ ჩვენ რაღაცაა შორეულ პერსპექტივად კი არ ველოდებით, ჩვენ დღეს უკვე ვართ ევროპა, ევროპის კულტურის ნაწილი და ხვალინდელი ამ დიდი ევროპის სრულყოფილი წევრი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე.