უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ახალ სიაში, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარედგინოს, შესაძლოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც შევიდეს - ამის შესახებ გიორგი მიქაუტაძემ 6 აპრილს თავად განაცხადა.
როგორც გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არა აქვს მიღებული და პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც განაცხადების მიღების პროცესი დაიწყება.
„აუცილებლად შეგატყობინებთ. მეც მაქვს უფლება, ალბათ, რომ განცხადებების მიღების პროცესის დაწყების შემდეგ ვიფიქრო ამ საკითხზე. არ გამოვრიცხავ მონაწილეობას, თუმცა გადაჭრით არ შემიძლია ახლა გითხრათ, იმიტომ, რომ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი", - განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი კანდიდატურა 2018 წლის დეკემბერში პარლამენტში გადაგზავნილ 10-კაციან სადავო სიაშიც იყო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არა აქვს პასუხი შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა ახალ სიაში წარმოდგენილი ის კანდიდატურები, რომელთა გვარებმაც გასული წლის მიწურულს დიდი ხმაური და ვნებათაღელვა გამოიწვია. სიის განხილვის პროცესი შეჩერდა.
სწორედ ამას მოჰყვა მუშაობა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებსა და პირობებს არეგულირებს.
ხელისუფლების ოპონენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონის ახლებურმა მოთხოვნებმა არაფერი შეცვალა და სუბიექტური შერჩევის ბერკეტები კვლავაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში დარჩა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საორგანიზაციო საკითხებზე 6 აპრილს გამართულ სხდომაზე იმსჯელებს.