აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს მოუწოდა "გავიდეს" ვენესუელიდან, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვაშინგტონს ურჩია "შეწყვიტოს მისი უპასუხისმგებლო გეგმები" ლათინური ამერიკის ამ ქვეყანასთან მიმართებით.
პომპეოსა და ლავროვს შორის საუბარი გაიმართა 5 მაისს, მიმდინარე კვირაში ფინეთში დანიშნული შეხვედრის წინ, იმ ფონზე, როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა იზრდება ვენესუელის კრიზისის გამო.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ იანვარში თავი ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად გამოაცხადა. როგორც ოპოზიციის მიერ კონტროლირებული ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელმა, მან კონსტიტუცია დაიმოწმა ამ ნაბიჯისათვის და განაცხადა, რომ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს არჩევა გასულ წელს არალეგიტიმური იყო. გუაიდოს 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს, აშშ-ის ჩათვლით. მადუროს მხარდამჭერებს შორის არიან რუსეთი, ირანი, ჩინეთი და კუბა.
"რუსები იქიდან უნდა გავიდნენ" - უთხრა პომპეომ ტელეკომპანია ABC-ს. "უახლოეს დღეებში შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. ვითარება ნათელია, ჩვენ გვსურს იქიდან გავიდნენ რუსები, ირანელები, კუბელები. ეს ძალიან ნათელია" - დასძინა მან.
მანამდე, სერგეი ლავროვმა აშშ-ს ბრალი დასდო "უპრეცედენტო კამპანიის" წარმოებაში, "ვენესუელის ლეგიტიმური მთავრობის" დამხობის მიზნით.