6 მაისს, გორიჯვრის მთაზე, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში გიორგობის აღსანიშნავად უამრავი ადამიანი ავიდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ცხვარი და ფრინველი დაკლეს, სასულიერო პირების მხრიდან მსხვერპლშეწირვის რიტუალის არაქრისტიანულ მხარეებზე საუბრის მიუხედავად.
გორის მუნიციპალიტეტში გიორგობას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. 6 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგი აღსრულების დღეს აღნიშნავს.
გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, გადმოცემის თანახმად, გორის მფარველად ითვლება, ხოლო გორის ჯვარს, სხვადასხვა რელიგიურ სასწაულებსაც მიაწერენ. ამიტომ ამ დღეს გორელების დიდი ნაწილი გორიჯვრის მთაზე ადის. შესაწირის სახით კი ძირითადად ცხვრები და მამლები მიჰყავთ.
ბოლო რამდენიმე წელია ადგილობრივი სასულიერო პირები მრევლს აფრთხილებენ, რომ მსხვერპლშეწირვას საერთო არაფერი აქვს ქრისტიანობასთან, გარდა ამისა ბინძურდება ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ზაფხულში იქ გაჩერება შეუძლებელია.
გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ლუკა კარელიძე აცხადებს, რომ სასულიერო პირების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ამ ტრადიციას მოქალაქეების ნაწილი ჯიუტად აგრძელებს. ახალგაზრდების ცნობიერება შეცვლილია და მათ არ მოსწონთ ეს მსხვერპლშეწირვა.