თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად სტამბოლის მერის განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს გაიმართება.
31 მარტის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) კანდიდატი დაამარცხა სტამბოლის მერის არჩევნებში, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც აღიარა. მაგრამ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მომხრეებმა არჩევნების დროს მომხდარი ფალსიფიკაციის გამო კენჭისყრის შედეგების გაბათილება მოითხოვეს.
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება გააპროტესტა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ. "ეს სისტემა, რომელიც არ ცნობს ხალხის ნებას და უგულებელყოფს კანონს, არ არის არც დემოკრატიული და არც ლეგიტიმური. ეს უბრალოდ დიქტატურაა“, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, ონურსალ ადიგუზელმა.