Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო აცხადებს, რომ „კარგი საუბარი“ ჰქონდა სერგეი ლავროვთან


ლავროვი და პომპეო ჰელსინკიში, 2018 წლის სამიტზე
ლავროვი და პომპეო ჰელსინკიში, 2018 წლის სამიტზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მას „კარგი საუბარი“ ჰქონდა ვენესუელის გარშემო თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, რომელმაც, თავის მხრივ მოლაპარაკებას უწოდა „კონსტრუქციული“.

აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ლიდერები ფინეთში, არქტიკული საბჭოს სესიის ფარგლებში 6 მაისს შეხვდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრის ფონია, ორ ქვეყანას შორის არსებული მზარდი დაპირისპირება ვენესუელაში შექმნილი მწვავე პოლიტიკური კრიზისის გამო. წინა დღით პომპეომ რუსეთს „ვენესუელიდან გასვლისკენ“ მოუწოდა.

ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს, რომელსაც ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად მოიხსენიებს. მოსკოვმა კი, გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელაში სამხედრო მრჩევლები გაგზავნა ნიკოლას მადუროსადმი ლოიალურად განწყობილი სამთავრობო ჯარების დასახმარებლად.

6 მაისის შეხვედრის შემდეგ მაიკ პომპეომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედოვნებს მოსკოვთან წინსვლის მიღწევას ისეთ საკითხებში, რომლებითაც ორივე ქვეყანა დაინტერესებული.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ბირთვული სტაბილურობის საკითხებში. გარდა ამისა, ლავროვმა კვლავ გააფრთხილა თავისი ამერიკელი კოლეგა, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევა ვენესუელაში „კატასტროფული“ იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 მაისს ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით განაცხადა, რომ არ აპირებს ამერიკელი სამხედროების გაგზავნა ვენესუელაში, რის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონითაც ესაუბრა. აშშ-ის ლიდერის თქმით, პუტინმა იგი დაარწმუნა, რომ „არ სურს ჩაერიოს ვენესუელაში, მხოლოდ იმის დანახვა სწადია, რომ იქ რაღაც პოზიტიური ხდება. და მეც ასე ვფიქრობ“, - დასძინა ტრამპმა.

XS
SM
MD
LG