აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საფინანსო-საგადასახადო კომიტეტს უარი უთხრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების გადაცემაზე.
მნუჩინმა უარი იმით ახსნა, რომ კომიტეტის მოთხოვნა არ ეფუძნება საკმარისად ლეგიტიმურ განზრახვას.
წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობით მყოფ დემოკრატებს ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების გაცნობა სურთ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამოსაძიებლად.
დემოკრატები ეჭვობენ, რომ პრეზიდენტი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს მისი ოჯახის ბიზნესთან.
2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპმა უარი თქვა დეკლარაციის გამოქვეყნებაზე და ამით დაარღვია ტრადიცია, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში იცავდა პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი.
ტრამპს საგადასახდო დეკლარაცია არც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამოუქვეყნებია, რასაც აუდიტორული შემოწმების მიმდინარეობით ხსნის.