რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს დილით წართმეული ნახირი დაუბრუნეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მცხოვრებთ. ერთ-ერთმა მათგანმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბანერთან ქართველმა პოლიციელებმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართეს, მისი დასრულების შემდეგ ოკუპანტებმა სოფელს ნახირი დაუბრუნეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ ბანერის მიმდებარე ტერიტორიას აღარ მიუახლოვდნენ.
წითელუბნელების ინფორმაციით, რამდენიმე ახალგაზრდა სოფლის ნახირს აძოვებდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სალოცავის მახლობლად, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გადმოვიდნენ და პირუტყვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე წაიყვანეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელუბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ წინაგარს ესაზღვრება.