Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფომ თავიდან აიცილა მძიმე დანაშაული


მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაბამისი უწყებების მეშვეობით სახელმწიფომ კიდევ ერთი მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან - ასე გამოეხმაურა მდინარაძე სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას.

მისი შეფასებით, გამოძიება გადაწყვეტს, დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს.

მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავიდან იქნა აცილებული ძალიან მძიმე ფაქტი, თუმცა მას დეტალების შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

„მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება აქ არარეალურ ამბავთან გვქონდეს საქმე. წარმოუდგენელია ეს ვინმემ გაბედოს და მოიფიქროს, დღევანდელ დღეს მით უმეტეს. ნამდვილად არ მაქვს სუს-ის მხრიდან ამის მოლოდინი. ერთადერთი მოლოდინი და დაშვება შეიძლება იმის, რომ ეს არის რეალური მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი რამ თავში არავის მოუვიდოდა. დიდი დრო არ დაჭირდება იმას, რომ დაიდება ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა, რომელიც ჩანაწერის ავთენტურობას დაადასტურებს და ნათელი მოეფინება გამოძიების პერიოდში ამ საქმეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს, სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს.

XS
SM
MD
LG