Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში არჩევნების ხელახლა ჩატარების გადაწყვეტილებას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა


ევროკავშირმა და ბლოკის წამყვანმა წევრმა სახელმწიფოებმა გააკრიტიკეს თურქეთის საარჩევნო უწყების გადაწყვეტილება, ხელახლა ჩაატაროს მერის არჩევნები სტამბოლში, სადაც მარტში მოულოდნელად ოპოზიციამ გაიმარჯვა.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ 7 მაისს საარჩევნო უწყებას მოუწოდა "დაუყოვნებლივ" გამოვიდეს ახსნა-განმარტებით თავისი გადაწყვეტილების შესახებ და დასძინა, რომ "თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის".

გერმანიამ ამ ნაბიჯს უწოდა "გაუგებარი", საფრანგეთმა კი თურქეთის მთავრობას მოუწოდა პატივი სცეს "დემოკრატიულ პრონციპებს".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გადაწყვეტილება პირდაპირ არ გაუკრიტიკებია, თუმცა თქვა, რომ "ჯანსაღი დემოკრატია", გამჭვირვალე არჩევნებით, თურქეთისვე ინტერესებში შედის.

31 მარტს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების შედეგად, სტამბოლში გაიმარჯვა ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, ექრემ იმამოღლუმ. მან თითქმის 15 ათასი ხმით მოუგო მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატს, თურქეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს.

პრეზიდენტ ერდოანის პარტიამ დარღვევების საბაბით არჩევნების შედეგი გაასაჩივრა. 6 მაისს, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგი ბათილად ცნო.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „ანადოლუ“-ს ცნობით, განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG