Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: უკრაინის მთავრობა ბათილად მიიჩნევს დონბასში გაცემულ რუსულ პასპორტებს


უკრაინის მთავრობა ბათილად მიიჩნევს რუსულ პასპორტებს, რომლებსაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებზე გასცემენ. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა. გროისმანმა აღნიშნა, რომ კიევი ასეთივე თხოვნით მიმართავს სხვა ქვეყნებს.

თავის მხრივ, კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთი გააგრძელებს დონბასის მოსახლეებისთვის პასპორტების გაცემას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კიევი არ ცნობს მათ.

მარტის ბოლოს რუსეთმა გამოსცა ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ან შეიარაღებული კონფლიქტების მქონე სახელმწიფოებში რუსეთის პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას. მოსკოვი აცხადებს, რომ ამას ჰუმანიტარული მოსაზრებებით აკეთებს.

მანამდე აშშ-მა და ევროკავშირმა გააკრიტიკეს მოსკოვის გეგმა, გაამარტივოს პასპორტების გაცემა უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს. ისინი ამას მინსკის შეთანხმებების დარღვევად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG