რიაზანის სასამართლომ ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე უარი უთხრა მილიციის ყოფილ თანამშრომელს დმიტრი პავლიუჩენკოვს, რომელიც „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზეა გასამართლებული. ამის შესახებ სააგენტო ტასი იტყობინება.
„ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებს იძიებდა, 2006 წელს მოკლეს მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში.
პავლიუჩენკოვს, რომელსაც გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევს, 2012 წელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მის გარდა გაასამართლეს ლომ-ალი გაიტუკაევი, ყოფილი მილიციონერი სერგეი ხაჯიკურბანოვი, ასევე რუსტამ, იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვები.
ლომ-ალი გაიტუკაევი მოგვიანებით გარდაიცვალა კოლონიაში. მკვლელობის დამკვეთი დღემდე არ არის ოფიციალურად დადგენილი.