ევროპის ქვეყნებში 8 მაისს მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ის 2005 წელს დადგინდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. ევროპის ბევრ ქვეყანაში დღეს უქმეა, დედაქალაქებში იმართება მემორიალური ღონისძიებები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში გვირგვინი მიიტანა ტრიუმფულ თაღთან. ცერემონიას ესწრებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მთავრობის წევრები და შეიარაღებული ძალების სარდლობა.
1945 წლის 8-დან 9 მაისის ღამეს ბერლინში ხელი მოეწერა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციას. რუსეთში და ზოგ სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ხსოვნის დღის ნაცვლად აღნიშნავენ გამარჯვების დღეს. მას 9 მაისს ზეიმობენ.
უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებას 2015 წლიდან 8 მაისსაც ზეიმობენ და 9 მაისსაც. ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხსოვნის დღეს ფეისბუკში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის სსრკ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერან ივან ზალუჟნისთან და უკრაინის მეამბოხეთა არმიის მეკავშირესთან, პრასკოვია ზელენჩუკ-პოტიაკთან ერთად დგას. ზელენსკიმ უკრაინას მშვიდობა უსურვა და განაცხადა, რომ ამის საწინდარი იქნება ქვეყნის მოსახლეობის ერთობა.