მონტენეგროს უმაღლესმა სასამართლომ ტერორიზმის განზრახვასა და კრიმინალური დაჯგუფების შექმნაში დამნაშავედ სცნო 14 პირი, რომლებიც 2016 წლის ოქტომბერში ძალადობრივი გზით შეეცადნენ მთავრობის დამხობას და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესის ჩაშლას.
მსჯავრდებულთა შორის არიან მონტენეგროს ოპოზიციური დემოკრატიული ფრონტის ორი ლიდერი, სერბეთის 9 მოქალაქე და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი სავარაუდო თანამშრომელი.
მათ სასამართლომ 12 და 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მათზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.
მოსკოვი უარყოფს ნებისმიერ მონაწილეობას შეთქმულებაში, რომლის მონაწილეებიც 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში მასობრივ არეულობასა და პრემიერ-მინისტრ, მილო ჯუკანოვიჩის პოლიტიკურ მკვლელობას გეგმავდნენ.