Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: კარგია, რომ სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერის გასაჯაროვება დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იყო.

“თქვენ ხედავდით, რომ ეს არ იყო უბრალოდ აღშფოთებული ადამიანის საუბარი. გაცემული იყო კონკრეტული დავალება ოჯახის წევრზე. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ოჯახის მიმართ აშკარა საფრთხე იყო და ამ საქმეს სჭირდებოდა პრევენცია. ძალიან კარგია, რომ სუს-მა გაასაჯაროვა ინფორმაცია. რაც შეეხება ბრალდების სტანდარტს, ამასთან დაკავშირებით პასუხი უნდა გაგვცეს ბუნებრივია, სამართალდამცველმა ორგანოებმა," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისთვის უცნობია, იძლევა თუ არა გავრცელებული ჩანაწერი ამ ეტაპზე მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველს:

„მე არ ვიცი, ის ჩანაწერი იურიდიული კვალიფიკაციის კუთხით იძლევა თუ არა ამ ეტაპზე დაკავების შესაძლებლობას. ამაზე პასუხი უნდა გასცეს სამართალდამცველმა ორგანოებმა, თუმცა თავისთავად ამ ინფორმაციის საჯაროობა იყო მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ის ემსახურებოდა დანაშაულის პრევენციას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვის პასუხად, მოსალოდნელია თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, უწყების შეფასებით, დასტურდება მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ორგანიზების მზადება.

სუს-ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი საუბრობენ. სუს-ში გამოკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს, 9 მაისს 15 საათზეა დაბარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG