Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილს გამოკითხავენ საკნიდან გაყვანის საქმეზე


ვანო მერაბიშვილს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ - იტყობინება საქართველოს პროკურატურა.

„გამოკითხვა ივანე მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება. 2019 წლის 21 მარტს, ადვოკატმა წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ერთ-ერთ პუნქტად მოითხოვა, რომ გამოიკითხოს ივანე მერაბიშვილი და გადაიდგას ნაბიჯები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პირების იდენტიფიცირება“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოკითხვის პროცედურა სავარაუდოდ სამშაბათს, 14 მაისს ჩატარდება.

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, დაავალა საქართველოს ხელისუფლებას - მოახდინოს იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მისცეს ყველა იმ პირი, ვინც მერაბიშვილი გაიყვანა ციხიდან, ვინც მასზე ახორციელებდა ზეწოლას და ისინიც, ვინც საქმე არ გამოიძია და შეგნებულად გაანადგურა მტკიცებულებები...

როდესაც დიდმა პალატამ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, ხელისუფლება იძულებული გახდა, განეახლებინა გამოძიება.

ჩვენ პროკურატურას მივმართეთ სხვადასხვა მოთხოვნით, მათ შორის - ეცნოთ ის დაზარალებულად და პასუხისგებაში მიეცათ ყველა დამნაშავე პირი. პროკურატურამ რატომღაც მიიღო მხოლოდ გამოკითხვის გადაწყვეტილება. ეს არის ერთგვარი მოჩვენებითი მოქმედება იმის საჩვენებლად, რომ რაღაცას აკეთებენ“,- განაცხადა ადვოკატმა ჩივიაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კონკრეტული პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ივანე მერაბიშვილს ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა“.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულისგან მიღებული არასაკმარისი ინფორმაციის გამო, შეუძლებელი იყო კონკრეტული პირების ამოცნობის პროცედურის ჩატარება.

„ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის“.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 12 ივლისს განახლდა გამოძიება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე და ეს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს.

2018 წლის დეკემბერში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი (2013 წლის 14 დეკემბერი) „საფუძვლიანად და სწრაფად“ უნდა იქნას გამოძიებული ევროპული კონვენციის „მე-18 მუხლის დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე“, უნდა გამოვლინდეს დაკავებულის ზეწოლაში მონაწილე ყველა სავარაუდო დამნაშავე და დადგინდეს „ჰქონდა თუ არა ამ ფაქტს რაიმე სახის ზეგავლენა სისხლის სამართლის საქმეებზე.“

ტექსტში კიდევ ერთხელ არის გამეორებული ის გარემოება, რომ საკნიდან გაყვანილ ვანო მერაბიშვილს იმჟამინდელი მთავარი პროკურორის სავარაუდო მონაწილეობით აიძულებდნენ ინფორმაციის გაცემას განყენებულ საქმეებზე (ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით).

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას საკნიდან გაყვანისა და პატიმარზე ზეწოლის საქმის გამოსაძიებლად 6-თვიანი ვადა მისცა (კომიტეტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ის ამ საქმეს, სულ გვიან, 2019 წლის ივნისში დაუბრუნდება).

XS
SM
MD
LG