Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზეც


პატრიკ შენაჰანი და გენერალი ჯოზეფ დანფორდი აშშ-ის კონგრესში
პატრიკ შენაჰანი და გენერალი ჯოზეფ დანფორდი აშშ-ის კონგრესში

აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტში თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლისთვის მოთხოვნილი ბიუჯეტის განხილვისას წარდგენილი იყო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ შენაჰანის და გაერთიანებული შტაბების მეთაურის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის ანგარიში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ, რომელშიც საუბარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მოხსენება ეხება აშშ-ის თავდაცვის ახალ სტრატეგიას, რუსეთისგან მომდინარე მზარდ საფრთხეებს, პარტნიორების როლს და აშშ-ის საჭიროებებს. ხაზგასმულია რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზაციის ტენდენცია და რუსეთის მიერ თავის საზღვრებს მიღმა სამხედრო ძალის გამოყენების ფაქტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მიმართ და სხვა სახელმწიფოებში სუვერენული დემოკრატიული პროცესების ხელისშეშლის მცდელობები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს მსოფლიო გეოგრაფიის შეცვლას. მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფის თვალსაჩინო მაგალითად მოყვანილია 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა და საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაცია.

არსებული ვითარების საპირწონედ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ასახელებს სამ მთავარ მიმართულებას - სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას, ალიანსებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას და თავდაცვის დეპარტამენტის რეფორმას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, გენერალმა დანფორდმა ისაუბრა რუსეთისგან მომდინარე ასიმეტრიულ საფრთხეებზეც, მათ შორის საინფორმაციო, კიბერ და არაკონვენციურ ოპერაციებზე, რომლებსაც რუსეთი ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებთან ერთად იყენებს, რათა მოიპოვოს უპირატესობა და მიაღწიოს დასახულ მიზნებს. გენერალმა ახსენა რუსეთის რევანშისტული ქმედებები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ევროპასა და აშშ-ში დემოკრატიის შესუსტების მცდელობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG