Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩმა“ საროსკიპო "პიონერი" გახსნა


პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ საროსკიპო „პიონერი“ გახსნა. „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვს დაკავდეს ფასიანი სექსუალური მომსახურებით, შესაძლებლობა აქვს სექსმუშაკთან ერთად მივიდეს „გირჩის“ ოფისის ერთ ნაწილში გახსნილ საროსკიპოში.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს არანაირი თვისობრივი განსხვავება სექსუალური მომსახურებისათვის გამოყოფილ ფართებსა და ქვეყანაში არსებულ ბრენდულ სასტუმროებს შორის, სადაც ადამიანები ხშირ შემთხვევაში, ფასიან სექსუალურ მომსახურებას იღებენ, ამიტომ, მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი, რომელსაც სექსინდუსტრიაში, საკუთარი სურვილით ჩართული ადამიანების შემოსავალი ეწირება:

„ნებისმიერი ბიძა, რომელიც თავის ძმისშვილს დაუფინანსებს სექსუალური მომსახურების მიღებას, ან ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ ძმაკაცს დაუთმობს მაგალითად, ბინას, რათა ის დაკავდეს სექსით სექსმუშაკთან ერთად, ეს ადამიანები, დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები და უნდა წავიდნენ ციხეში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს ძალადობას და გულისხმობს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას, არის პატიოსანი შრომა. მათ შორის პატიოსანი შრომაა პროსტიტუციაც. ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დავასრულოთ ეს ტრაგიკომედია და დავიცვათ ადამიანები ძალადობისგან, მათ შორის, ხშირ შემთხვევაში, ძალადობისგან სამართალდამცავების მხრიდან, გარდა ამისა, მოვახდინოთ პრევენცია სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისა, არის პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია. ამიტომ, დღეს ჩვენ, გირჩის ოფისის ერთ ნაწილში ვხსნით საროსკიპოს, რომლის სახელწოდებაცაა „პიონერი“.

„პიონერში“ მისულ ადამიანებს დახვდებათ სექსუალური ურთიერთობებისათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახი და სხვადასხვა ნივთი. მომსახურება კი შეადგენს 49 ლარსა და 90 თეთრს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის დათმობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-დან 6 წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

XS
SM
MD
LG