გრძელდება მალხაზ მაჩალიკაშვილის, მისი ოჯახის დისკრედიტაცია და ძალოვანი სტრუქტურები პანკისის ხეობაში დაძაბულობას უწყობენ ხელს, - აცხადებს პანკისის ხეობის მკვიდრი, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი.
„სამწუხაროდ გრძელდება (მალხაზ) მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაცია... მოსახლეობას ჯერ ისევ არა აქვს მონელებული ის, რაც პანკისის ხეობაში 21 აპრილს მოხდა. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა 21 აპრილს ხეობაში...
და როდესაც ბევრი ძალა და ხეობის მოსახლეობა ვცდილობთ, რომ მშვიდობიან რელსებზე გადავიყვანოთ ხეობა, ამ დროს, სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურები აკეთებენ ისე, რომ ხეობაში ისევ იყოს დაძაბულობა და აღშფოთება. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის მშვიდობიანი პოლიტიკა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, 7 მაისს სუსის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდე, პანკისელები იტოვებენ ეჭვს, რომ ჩანაწერში არ იყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმა; თუმცა, რომც იყოს ეს მალხაზ მაჩალიკაშვილის საუბარი, მისი სიტყვები არ უნდა შეფასდეს ტერორისტული აქტისთვის მზადებად.
მექა ხანგოშვილი თვლის, რომ უსამართლობით გატანჯულ ადამიანს, რომელსაც ერთადერთი უდანაშაულო ვაჟი (თემირლან მაჩალიკაშვილი) მოუკლეს საკუთარ საწოლში, შურისძიებაზე ფიქრი არ გაემტყუნება - „ჩაიხედეთ ყველამ თქვენს გულებში“.
„უდანაშაულო შვილი მოუკლეს... მე რომ მკითხოთ, სწორედ ეს იყო ტერაქტი, რაც მაჩალიკაშვილებს ოჯახში მოუწყეს... და არავითარი ტერაქტი არ იგეგმებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან...
ჩვენ ვართ ერთსულოვანი იმაში, რომ: გამორიცხულია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს დაეგეგმა მსგავსი რამ (ტერაქტი); გამორიცხულია, რომ მას თავისი ძმისშვილი ჩაერთო ამ საკითხში და გაეწირა ის; გამორიცხულია, რომ, ჩვენი მენტალობიდან და ტრადიციიდან გამომდინარე, მას სასაფლაოზე რაიმე ტერაქტის ჩადენა განეზრახა - სასაფლაო ძალიან წმინდა ადგილია ვაინახებისთვის“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.
ის მიმართავს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ ვიდრე მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის დაგეგმვაში დაადანაშაულებენ, ჯერ შეისწავლონ ვაინახების მენტალიტეტი, მათი ადათი, მათი ტრადიცია და თუნდაც ქისტების სამართლის კოდექსი, რომელიც ოთხ ენაზე ითარგმნა.
მექა ხანგოშვილის თქმით, მაღალი თანამდებობის პირები უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ თემირლან მაჩალიკაშვილთან მიმართებითაც და გამოძიების შედეგებით ეს არ დასტურდება, მას ტერორისტად ნათლავენ. ხანგოშვილი კონკრეტულად ასახელებს ირაკლი სესიაშვილს - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.
„წელიწადნახევარი გავიდა, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიება არ არის დასრულებული და ის (ოფიციალურად) ჯერ არ დაუდანაშაულებიათ ტერორიზმში... მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი იღებს პასუხისმგებლობას და მას ტერორისტად ნათლავს.
ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია ჩვენთვის. ეს აღმაშფოთებელია იმ დედებისთვის, რომლებიც ხეობაში ნამდვილად არ ზრდიან ტერორისტებს. ისინი ზრდიან საქართველოს ძალიან ერთგულ, ძალიან მამაც და ღირსეულ შვილებს.
მე პირდაპირ ვიტყვი, რომ პანკისის მოსახლეობა აღშფოთებულია ბატონი (ირაკლი) სესიაშვილის განცხადებით, როდესაც მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტად გამოაცხადა... მე ვფიქრობ, რომ ეს სახელმწიფოსთვისაც დამაზარალებელია“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.