საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამორიცხავს, რომ თბილისის თანხმობის გარეშე რუსეთი შეძლებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგის პროექტთან შეერთებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საქართველოს თანხმობის გარეშე ამ პროექტის შეცვლა წარმოუდგენელია არა მხოლოდ პოლიტიკურად და საერთაშორისო სამართლით, არამედ ფიზიკურადაც.
"როდესაც რაღაც თეორიული კითხვების დასმა ხდება, რომ საქართველოს გარეშე შეუძლია ვიღაცას მიუერთდეს ამ პროექტს, ეს ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ?! გარდა იმისა, რომ არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება - აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო - რომელიც განსაზღვრავს, რომ სამივე ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს, ფიზიკურად როგორ წარმოუდგენიათ ამ შეკითხვის ავტორებს, რომ საქართველოს გარეშე მოხდეს ამ პროექტის ცვლილება, ან იმდაგვარი განვითარება, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს. ეს არის გამორიცხული პოლიტიკურადაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც და მინდა გითხრათ, ფიზიკურადაც“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო ყოველთვის მხარს დაუჭერს იმას, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს ორი სტანდარტის რკინიგზის შეერთება ახალქალაქში და სწორედ იქ იყოს გადატვირთვის პუნქტი, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას უფრო სრულფასოვანი სერვისი შესთავაზოს ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ დერეფანში მეტი ტვირთის მოზიდვით.
„პროექტი არის სწორედ ამ საინჟინრო გადაწყვეტილებით გაკეთებული და ასევე დასრულდება. ვისაც აქვს კითხვები, მე მექნებოდა ძალიან მარტივი პასუხი - შეგვიძლია ვნახოთ პროექტი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მშენებლობა და იქ ყველა ჩვენი თვალით ვნახავთ. რაც შეეხება ამა თუ იმ ქვეყნის გადაწყვეტილებას, ეს არის მათი სუვერენული უფლება თავის ტერიტორიაზე რას და როგორ ააშენებს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.
მისივე თქმით, როცა საუბარია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე, აქ საქართველოს პოზიციაა მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც დანარჩენი ორი მონაწილე ქვეყნისა, და საქართველოს თანხმობის გარეშე პროექტში არანაირი ცვლილება არ მოხდება და არც იგეგმება.
ამ საკითხზე მამუკა ბახტაძის პასუხები მოჰყვა „რუსთავი 2“-ის შეკითხვას, რომ მაშინ, როცა რუსეთის მედია ზეიმობს პროექტში ჩართვას, პირადად პრემიერ-მინისტრმა მემორანდუმში რუსეთის თანამონაწილეობა მედიით შეიტყო, თუ წინასწარი კომუნიკაცია ჰქონდა.
ცნობები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში რუსეთის ჩართვის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც 7 მაისს „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ „ლოგისტიკამ“ განაცხადა, რომ თურქულ ლოგისტიკურ კომპანიასთან, Pasifik Eurasia Logistics-თან გააფორმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადატანის მარშრუტების განვითარებისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნის მემორანდუმი.
ამავე კომპანიის ინფორმაციით, მემორანდუმი გაფორმდა „რუსეთის რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, ოლეგ ბელოზიოროვის ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ის თურქეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებს შეხვდა. რუსეთი ერთობლივი საწარმოს შექმნის მიზნად ასახელებს თურქეთთან სატრანსპორტო-ლოგისტიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
გარდა ამისა, რუსული სააგენტოებით გავრცელებული ცნობებით, რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზით ტვირთების გადაზიდვის განვითარების მემორანდუმს. ამავე წყაროების ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს განხილვას პროექტისა, რომლის მიხედვით, ახალქალაქის და ყარსის მონაკვეთებზე შეიძლება აშენდეს რკინიგზის მეორე მონაკვეთი და ლიანდაგის სიგანე იყოს 1520 მილიმეტრი. საქართველოსა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, თურქეთის რკინიგზაზე ლიანდაგის სიგანე 1435 მილიმეტრია.
ანკარაში ვიზიტამდე, 6 მაისს „რუსეთის რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ოლეგ ბელოზიოროვი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.