Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო გვენეტაძე: ზეწოლა არ ყოფილა


უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ და ახლა უკვე თსუ-ს რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ ათთვიანი სიჩუმის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და კითხვაზე, იყო თუ არა მისი პოსტიდან წასვლის მიზეზი ზეწოლა, უპასუხა, რომ არა.

„არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა. მე მყარი საკონსტიტუციო ვადით ვიყავი გამწესებული უზენაეს სასამართლოში. გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის, უზენაეს სასამართლოში კონფლიქტური სიტუაციები ბევრჯერ იყო, თუმცა ეს ზეწოლა არ ყოფილა“, - განაცხადა თსუ-ს რექტორის მოადგილემ.

ნინო გვენეტაძის განცხადებით, მან თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა, დღეს კი მზად არის საგანმანათლებლო საქმიანობას შეუდგეს. და რომ მთელი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ის არ ჩანდა, სწორედ გამოჯანმრთელებას მოანდომა.

ჟურნალისტებმა ნინო გვენეტაძეს სთხოვეს მისი ყოფილი თანაშემწის განცხადების კომენტირებაც, რომლის თანახმად, ნინო გვენეტაძეს გავლენიანი მოსამართლეები ავიწროებდნენ. ამაზე ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ მთელ რიგ საკითხებზე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა და რომ მაშინ იმ თანაშემწემ თანამდებობა დატოვა.

„საერთოდ, სასამართლო ხელისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმის ეტაპები, კოლეგიურ ორგანოში მოღვაწეობა, როგორიც იუსტიციის საბჭოა, წარმოშობდა კონფლიქტებსაც, წინააღმდეგობრივ აზრებსაც, შეუთანხმლებლობასაც, ეს პროცესი იყო სამუშაო, რომლის მთავარი მიზანი იყო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. მას თავისი შეხედულებები აქვს და თავისი ეთიკური სტანდარტი ამ საკითხთან მიმართებაში და საუბრობს ის, რაც იცის ან ნახა“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

XS
SM
MD
LG