Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტიცია: 8 მაისი ნაციზმზე გამარჯვების დღედ


სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი მოითხოვს ნაციზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს 8 მაისი და ეს დღე აღარ აღინიშნებოდეს 9 მაისს.

ამისათვის პეტიციაც შეიქმნა, რომლის ხელმომწერები მიმართავენ პარლამენტს იმსჯელოს ამ საკითხზე და 9 მაისი გამოცხადდეს ევროპის დღედ.

პეტიციის იდეა ქალთა მოძრაობის წევრს, ბაია პატარაიას გაუჩნდა და ისტორიკოსებთან, გიორგი ასტამაძესთან და ბექა კობახიძესთან ერთად ერთობლივი ტექსტიც შეადგინეს.

პეტიციაში საუბარია იმ ისტორიულ ფაქტებზე, რომლითაც ავტორები 8 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას ასაბუთებენ.

“1945 წლის 7 მაისს ქალაქ რეიმსში გერმანელმა გენერალმა ალფრედ იოდლმა გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელი მოაწერა საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე, რომელიც ძალაში მომდევნო დღეს – 8 მაისს უნდა შესულიყო. სტალინის მოთხოვნით, იდენტური შინაარსის კაპიტულაციას ხელმეორედ მოეწერა ხელი ქალაქ ბერლინში საბჭოელთა შტაბბინაში, ამჯერად ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა ფელდმარშალი კაიტელი, საბჭოთა კავშირის მხრიდან კი – მარშალი ჟუკოვი. გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 8 მაისს, საღამოს 23:01 წუთზე ოფიციალურად შეწყდა. შესაბამისად, ნაცისტური გერმანია სწორედ 8 მაისს დამარცხდა“, - ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის ტექსტის ავტორები 9 მაისის ისტორიასაც ყვებიან და წერენ, რომ გამარჯვების დღედ 9 მაისის აღნიშვნა სსრკ-ში სტალინის გადაწყვეტილება იყო.

„მოსკოვის დროით გერმანიის 8 მაისის 23:01 საათი უკვე 9 მაისია, საბჭოთა მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, რადგან საბჭოთა მედიაში არ იწერებოდა 7 მაისის მიღწეული შეთანხმების შესახებ. 9 მაისი უქმე დღედ ბრეჟნევმა გამოაცხადა 1965 წელს ცივი ომის მიმდინარეობისას. საბჭოთა მმართველობას სჭირდებოდა ამ დღის ინსტრუმენტალიზაცია და საკრალიზაცია რეგრესის გზაზე მდგარი სსრკ-სთვის მყარი იდეოლოგიის შესაქმნელად. 1965 წლიდან მოყოლებული, 9 მაისი გახდა ერთერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ჯერ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი – რუსეთში“, - ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის ავტორები წერენ, რომ საქართველოში ეს დღე უნდა აღინიშნოს, არა როგორც „დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე“, რადგან დამოუკიდებელი საქართველო არ აღიქვამს საბჭოთა კავშირს თავის სამშობლოდ, არამედ როგორც „მსოფლიოს ნაციზმზე (ფაშიზმზე) გამარჯვების დღე“ და საბჭოურ-რუსული 9 მაისი გერმანიის მიერ კაპიტულაციაზე ხელმოწერის ნამდვილმა დღემ, 8 მაისმა უნდა ჩაანაცვლოს.

პეტიციის ავტორები „ღრმა პატივისცემას და მადლიერებას“ უცხადებენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მოუწოდებენ სახელმწიფოს გამოხატოს საზოგადოების პატივისცემა ვეტერანების მიმართ როგორც სიმბოლური, ისე მატერიალური გზით.

XS
SM
MD
LG