Accessibility links

site logo site logo

ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება დაისჯება პატიმრობით ორიდან სამ წლამდე


ცხოველთა წამება/სასტიკ მოპყრობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, კოდექსის 259-ე მუხლს ემატება დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა.

ცვლილებების თანახმად, შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვეტერინარის დანიშნულების გარეშე, - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.

შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან ორ წლამდე.

ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კანონპროექტი ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის ბიუროს 13 მაისის სხდომაზე წარედგინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG