აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იგი შეხვდება რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს ივნისში, იაპონიაში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში. ამის თაობაზე ტრამპმა 13 მაისს განაცხადა თეთრ სახლში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დროს. მაგრამ, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უთხრა სააგენტო „ინტერფაქსს“, კრემლს ჯერ არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება ვაშინგტონისგან ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შესახებ.
„მოთხოვნა არ ყოფილა. ამიტომ არც შეთანხმება მომხდარა“, - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე რუსულ გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რომელიც ეყრდნობა აშშ-ის მთავრობის ანონიმ წყაროს, თეთრმა სახლმა კრემლს შეტყობინება გაუგზავნა პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ.
დონალდ ტრამპის კომენტარი ერთი დღით უსწრებს წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დაგეგმილ შეხვედრას რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში, სადაც მაიკ პომპეო მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. სახელმწიფო დეპარტამენტში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მაიკ პომპეო სოჭში შეათანხმებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის დეტალებს.
თვის დასაწყისში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა გამართეს სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც განიხილეს ვენესუელაში შემქნილი ვითარება, უკრაინა, ირანი და სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების დასკვნა რუსეთის შესაძლო ჩარევაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.