Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები ერთჯერად ამნისტიას მოითხოვენ


ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფებს ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. მათ ერთობლივი განცხადება „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნეს.

„ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის პროცესი და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა წელიწადზე მეტია შეჩერებულია. გასული წლის მაისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა ხელისუფლებას არცერთი სამუშაო ფორმატი ამ საკითხის რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტისთვის არ გამოუყენებია. პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდება. დღემდე, მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ეპიზოდური გადაწყვეტილებებით ხერხდება. ხელისუფლება კი, თავს არიდებს სისტემური რეფორმის საკითხზე თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენთვის უცნობი რჩება ხელისუფლების პოზიცია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ათზე მეტი ორგანიზაცია.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ შექმნილ ვითარებაში, მხოლოდ 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3650 პირის მიმართ, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა 2825-ს და თითოეულ ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულების მიმართ ავტომატურად გამოყენებულია უფლებების ჩამორთმევის უსამართლო მექანიზმი.

მათივე ინფორმაციით, 2018 წელს, ნარკოტიკული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 633 ადამიანს და 5000-მდე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. 2018 წლის ბოლო ექვს თვეში, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული 50-მდე ადამიანი შიმშილობდა მათ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნით.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ სისტემური და ძირეული ცვლილებების შეჩერების ფონზე, სახელმწიფომ მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება ამნისტიის, ან შეწყალების მექანიზმის გამოყენების თაობაზე, რომელიც უსამართლო, ან არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. "ამ მიზნით, საჭიროა, პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით შექმნას სამუშაო ჯგუფი და გატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად" - ნათქვამია განცხადებაში.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მონაცემების შესწავლას და დამუშავებას და ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ერთჯერადი ამნისტიის, ან შეწყალების შესახებ.

XS
SM
MD
LG