შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დეტალურად გამოიძიებენ ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაპირისპირების და სხვა მსგავს ფაქტებს.
„წინა არჩევნები შეფასებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ექსცესი იქნება დეტალურად გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე, მიეცემა პასუხისმგებლობაში“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.
შეკითხვას, მაშინ, როცა საარჩევნო პერიოდში მომხდარი დაპირისპირების შემთხვევების გამოძიების პირობას იძლევა, რატომ ჭიანურდება გამოძიება, გახარიამ უპასუხა, რომ დაპირებას ყოველთვის ასრულებს.
„როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენი გუნდის წევრებსაც, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი. ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში გამოხატონ, რასაც რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს,“ - განაცხადა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.