Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17-21 მაისს თბილისი მასპინძლობს მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს


17-21 მაისს, "მწერალთა სახლი" თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს.

შემოქმედებითი "გაორება", პოლარულობა და ორბუნებოვნება - ეს თემა გააერთიანებს ავტორებსა და მსმენელს „მწერალთა სახლის“ კედლებში.

29 ქართველი და უცხოელი პოეტი და პროზაიკოსი მსმენელს პოეზიის საღამოებსა და პანელ-დისკუსიებს შესთავაზებს.

მწერალთა სახლის დირექტორის, ნატა ლომოურის თქმით, ფესტივალი „პოეტურ მისტიფიკაციებს“ ჰპირდება სტუმრებს: „ყველა ავტორის შექმოქმედებაში, ისვე როგორც ყველა ადამიანში, არსებობს პოლუსები, ბოროტება და სიკეთე, დემონები და ანგელოზები. ყველა მონაწილეს ვთხოვეთ თავიანთ შემოქმედებაში ამ თემატიკის ლექსები შეერჩიათ. ფესტივალის პირველ საღამოს, ავტორები ტრადიციულად მშობლიურ ენაზე წაიკითხავენ თითო ლექსს“,

ფესტივალის ბანერი გაფორმებულია ​ გალაკტიონ ტაბიძისა და ტერენტი გრანელის ჩანახატებით: „წლევანდელი საფესტივალო თემატიკიდან გამომდნარე, ამ ვიზუალის შერჩევის საბაბი სწორედ მათი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ორბუნებოვნება გახდა“, - ამბობს ნატა ლომოური.

იტალიის საელჩო უკვე მესამე წელია თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერია. საელჩოს წარმომადგენლის ნინო კილოსანიძის თქმით, წელს ფესტივალისა და პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, გამოიცემა შვიდი ქართველი და შვიდი იტალიელი ავტორის ერთობლივი წიგნი.

„მკითხველს ელოდება შეხვედრა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იტალიელ მწერალ მელანია მაცუკოსთან. მისი შესანიშნავი რომანი „ვიტა“ ითარგმნა ქართულ ენაზე. გვიხარია, რომ იმ 22 ქვეყანას, სადაც ეს წიგნი არის გამოცემული, საქართველოც შეემატა“, - ამბობს ნინო კილოსანიძე.

ფესტივალის ფარგლებში თბილისში 15 ქვეყნის 19 ავტორი ჩამოვა. მათ შორის: აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, მაკედონიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და ა.შ.

თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი "მწერლათა სახლის" ორგანიზებით იმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG