14 მაისს, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციაში ბრიფინგი გაიმართა.
პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ დიასამიძის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი და აქტიურად გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
მისივე თქმით, ზუგდიდის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, სანდრა რულოვსის ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, დაიცვან კანონით დადგენილი წესები. ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. კანონის დარღვევის შემთხვევაში სამართალდამცავი უწყება გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს", - განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.
14 მაისს ტელეკომპანია „ოდიშმა” გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას რამდენიმე პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს. გარდა ამისა, ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე პირი ჟურნალისტებზეც ძალადობს და ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში.