Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას დღესაც მოითხოვს


მირანდა მესხი
მირანდა მესხი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა არ დააკმაყოფილა კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადება, კომისიის სხდომის დანიშვნის შესახებ.

ოპოზიცია მოითხოვდა, რომ სხდომაზე ემსჯელათ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საუბნო კომისიებში სამაგიდო სიების და ბეჭდების გაგზავნაზე.

ოპოზიცია ამ ფაქტს კანონდარღვევად და არჩევნების გაყალბებისთვის მზადებად აფასებს და საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს.

თავად მირანდა მესხი ამბობს, რომ ეს საკითხი სხდომაზე განხილვას არ ექვემდებარება. „რა უნდა გაყალბდეს ხალხო, ორ დღეში არის არჩევნები კარს მომდგარი და მორიგი შოუსთვის სხდომას ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავმართავ" - განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ძირითადად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები გვიან ღამით დაიშალნენ. ისინი მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით აქციის გაგრძელებას 12 საათიდან გეგმავენ.

თავის მხრივ, საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამაგიდო სიების უბნებზე გაგზავნით კანონი არ დაურღვევია. მირანდა მესხის თქმით, სიები უბნებზე ნაწილდება არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი დღისა. თავმჯდომარე ამბობს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დიდი საარჩევნო ოლქია და ყველა უბანზე სიებს ერთ დღეში ვერ მიიტანდნენ. ამასთან, რამდენიმე საათით ადრე მესხი აცხადებდა, რომ შეცდომა მოხდა.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას სიების უკან დაბრუნების შესახებ, მირანდა მესხის თქმით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ გაჩნდა ეჭვი გამჭვირვალობასთან, უსაფრთხოებასა და სანდოობასთან დაკავშირებით. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სიებისგან განსხვავებით ბეჭდებს უკან არ დააბრუნებენ, რადგან მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გასცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG