იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა საფრენი აპარატებით განხორციელებულ იერიშზე საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა დაძაბულობა ვითარებაში, რომელსაც უკვე უწოდებენ რიადსა და თეირანს შორის მათთან დაკავშირებული ჯგუფების მეშვეობით წარმოებულ ომს.
მეამბოხეთა პრესმდივანმა, მუჰამად აბდელ-სალამმა 14 მაისს თქვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული საფრენი აპარატები ჰუთიტებმა გაუშვეს, როგორც "მესიჯი საუდის არაბეთს: შეწყვიტე აგრესია". პრესმდივანმა განაცხადა: "ჩვენი მიზანია პასუხი გავცეთ დანაშაულებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად სჩადიან იემენელი ხალხის წინააღმდეგ".
სუნიტთა უმრავლესობის მქონე საუდის არაბეთი და კიდევ რვა არაბული სახელმწიფო 2015 წელს სამხედრო ძალით ჩაერიენ იემენის სამოქალაქო ომში, და სცადეს ძალაუფლებაში დაებრუნებინათ საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის დასავლეთის დიდ ნაწილს ჰუთიტები დაეპატრონენ.
საუდის არაბეთის მხარდაჭერით მოქმედ კოალიციას მხარს უჭერდნენ აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი. თუმცა, როცა გავრცელდა ცნობები, რომ დაიხოცა 10 000-მდე ადამიანი, მათ შორის ბევრი სამოქალაქო პირი, და მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრებოდა, დასავლეთში საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა კონფლიქტში ჩართულობის საწინააღმდეგოდ.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა 14 მაისს განაცხადა, რომ რიადის პროვინციაში მიზანში ამოიღეს ორი ნავთობსადენის გამაძლიერებელი სადგურები, რასაც მცირე დაზიანება და სამუშაოს დროებით შეწყვეტა მოჰყვა შედეგად.