Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: 19 მაისის არჩევნებზე დაძაბულობის ცენტრი ზუგდიდში იქნება


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერის, „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივნის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე დაძაბულობის ცენტრი სავარაუდოდ ზუგდიდი გახდება.

დეპუტატს ამის თქმის საბაბი მისცა ინციდენტმა, რომელიც 14 მაისს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მოხდა. თამარ ჩუგოშვილის თქმით,მიუხედავად იმისა, რომ საოლქო კომისიას კანონდარღვევა არ ჩაუდენია, საზოგადოებამ ფაქტის გარშემო დაძაბულობის შექმნის მცდელობა მაინც იხილა:

„ამ პროცესის ნაწილია ასევე ოპოზიციის განცხადება, რომ ქალაქ ზუგდიდში, სხვადასხვა რეგიონიდან 5000 აქტივისტის მობილიზება ხდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია სწორედ ამ ადგილას იგეგმება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი განმარტებით, ეს გარემოებები მმართველი პარტიისთვის იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში ძლიერი პოზიციები აქვს და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება.

„ამიტომ, ვხედავთ მცდელობას, სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს.ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ან ექნება, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მან მიმართა დამკვირვებელ ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრან სწორედ ზუგდიდს, რადგან „ყველანაირი ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია ვითარების დაძაბვა სწორედ ამ ადგილას მოხდეს.

ჩვენი ამოცანაა, არჩევნებმა ჩაიაროს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, მშვიდ გარემოში და ამისთვის მომართულია ყველა სახელმწიფო უწყება.

კიდევ ერთხელ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი იმისათვის, რომ პრევენცია მოხდეს სავარაუდო დაძაბულობის და დარღვევების. ჩვენ ვაპირებთ მათთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობას, ახლაც გვაქვს კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდზე გაამახვილონ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არჩევნების გაყალბების მცდელობაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ უბნებზე სამაგიდო სიების და კომისიის და რეგისტრატორების ბეჭდები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგზავნა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 მაისს განმარტა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონი არ დაურღვევია. ამასთან, ცესკოს განცხადებით, იმის გამო, რომ საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.

XS
SM
MD
LG