„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები მოითხოვენ უფლებამოსილება შეუწყდეს ზუგდიდის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ გია დანელიას.
მოთხოვნის საფუძველია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, დანელია საუბრობს არჩევნებში მმართველი პარტიის გასამარჯვებლად მოქალაქეთა დაშინების და მოსყიდვის შესაძლებლობაზე.
ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ შესაბამისი განცხადების დასარეგისტრირებლად საკრებულოს შენობაში შესულიყვნენ მედიასთან ერთად, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებსა და საკრებულოს თანამშრომლებთან.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს ხელმძღვანელები დაადანაშაულეს განცხადების დარეგისტრირებისთვის ხელისშეშლაში.
თავის მხრივ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ ჭეჟიამ გაერთიანებული ოპოზიცია მიზანმიმართულ პროვოკაციაში დაადანაშაულა, რადგან მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განცხადების დარეგისტრირება ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. საბოლოოდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი საკრებულოს შენობაში შევიდა და გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით განცხადება დაარეგისტრირა.
ზუგდიდის საკრებულოს წევრის სავარაუდო ფარული ჩანაწერის გამო, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა თბილისში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ჩანაწერზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია. „ის ტექსტი, რაც ამ ჩანაწერში ისმოდა, სრული აბსურდია. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ გუშინვე დაიწყო გამოძიება და ძალიან მალე ველოდებით ამ გამოძიების შედეგებს, ვინაიდან ჩვენს ინტერესებში შედის, რომ დროულად გაირკვეს, ან რა ჩანაწერია საერთოდ, ან რა დავალებაზე საუბრობს ეს ადამიანი და საერთოდ, საუბრობს თუ არა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ფარული ჩანაწერის საქმის დროულად და ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციები.