Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს


მირანდა მესხი
მირანდა მესხი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი გადადგომას არ აპირებს. მან საოლქო კომისიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანონი არ დაურღვევია.

მირანდა მესხმა შოუს მოწყობაში დაადანაშაულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია,“ რომელიც ბრალს სდებს არჩევნების გაყალბების მცდელობაში და მის გადადგომას მოითხოვს.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა მირანდა მესხს ჰკითხა, არის თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას შვილის ნათლია და „ამიტომ არ რეაგირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დარღვევაზე?“

„რა შუაშია შვილის ნათლია?! თამარ ჟვანია სანამ ცესკოს თავმჯდომარე გახდებოდა, მე ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი და ამაზე აღარ გავაკეთებ მეტ კომენტარს“ - განაცხადა მირანდა მესხმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით აქციები 14 მაისიდან, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, რომ უბნებზე სამაგიდო სიების და კომისიის და რეგისტრატორების ბეჭდები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგზავნა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 მაისს განმარტა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონი არ დაურღვევია. ამასთან, ცესკოს განცხადებით, იმის გამო, რომ საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG