16 მაისს კანის ფესტივალზე ქართულ-შვედური ფილმის, "და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა იმართება. პრემიერის დაწყებამდე რეჟისორი ლევან აკინი და მთავარი როლის შემსრულებელი ბაჩი ვალიშვილი მაყურებლების კითხვებს პასუხობენ.
მაყურებლების კითხვები მრავალფეროვანია და შეეხება როგორც ფილმის თემატიკას, ასევე მსახიობების შერჩევის მეთოდიკას, ცეკვის კულტურას საქართველოში და იმასაც კი, მოწონს თუ არა წარმოშობით ქართველ შვედ რეჟისორს იაპონური ანიმაცია.
ლევან აკინმა კითხვაზე პასუხად, რომელიც მსახიობების შერჩევის მეთოდიკას შეეხებოდა, თქვა, რომ მან მსახიობების ნაწილი ინსტაგრამზე იპოვა.
ფილმი ქართველი მოცეკვავის გეი სიყვარულზეა.
“მერაბი ადრეული ასაკიდან მარისთან ერთად ცეკვავს ქართულ ნაციონალურ ანსამბლში. მისი სამყარო ამოყირავდება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი გამოჩნდება და მერაბს მისი მიმართ ძლიერი ლტოლვა გაუჩნდება. ამ კონსერვატიულ გარემოში მერაბს გათავისუფლება და რისკზე წასვლა უწევს”, - წერია ფილმის აღწერაში.
ფილმში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები, რეჟისორი კი ლევან აკინია, სტოკჰოლმში დაბადებული შვედი რეჟისორი ქართული წარმოშობით, რომლისთვისაც ეს პირველი სარეჟისორო ნამუშვარი არ არის. ლევანის მშობლები გასული საუკუნის 70-იან წლებში წავიდნენ შვედეთში ემიგრაციაში.