Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის მთავრობა და ოპოზიცია ნორვეგიაში გამართავენ მოლაპარაკებას კრიზისის მოსაგვარებლად


ვენესუელის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ნორვეგიაში გაემგზავრნენ, რათა გამართონ მოლაპარაკება კრიზისის მოსაგვარებლად.

მთავრობისა და ოპოზიციის წევრებმა 15 მაისს გამოაცხადეს, რომ დელეგაციები სკანდინავიის ქვეყანაში ჩადიან ადგილობრივი ორგანიზაციების მიწვევით. მასპინძლების ვინაობა არ გასაჯაროებულა.

მოლაპარაკებები ოსლოში უნდა გაიმართოს, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, დაიგეგმა თუ არა პირისპირ შეხვედრები.

ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს სატელევიზიო მიმართვის დროს არაფერი უთქვამს, უშუალოდ, მოლაპარაკებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ინფორმაციის მინისტრი ხორხე როდრიგესი უცხოეთში გაემგზავრა „ძალიან მნიშვნელოვანი“ მისიით.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ როდრიგესი ოსლოში გაემგზავრა.

მადურო, რომელიც რუსეთის, ჩინეთისა და კუბის მხარდაჭერით სარგებლობს, 2013 წელს გახდა ვენესუელის პრეზიდენტი. 2019 წლის იანვარში გაიმართა მეორე ვადით მისი ინაუგურაცია.

მადუროს მმართველობის წინააღმდეგ ხშირად იმართება საპროტესტო გამოსვლები. მას აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ქვეყნის ეკონომიკური დაღმასვლისათვის.

ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეა, იანვარში საკუთარი თავი გამოაცხადა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად.

გუაიდოს კანონიერ ლიდერად აღიარებს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და საქართველო.

XS
SM
MD
LG