Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის განმავლობაში იგი პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს ესტონეთის პრეზიდენტთან კერსტი კალიულაიდისთან, შეხვდება ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს იური რატას და სხვა ოფიციალურ პირებს.

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არაერთი ფაქტორი განაპირობებს:

,,შეხვედრებზე განხილული იქნება ესტონეთის მხარდაჭერის პრაქტიკული განხორციელება საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით და საქართველოს რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები. ცნობილია, რომ ეს თემა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრაზე დააყენა.

დღეს ესტონეთს, ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჰყავს ახალი კოალიციური მთავრობა და პრეზიდენტის ვიზიტი კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, შესაბამის, მაღალი თანამდებობის პირებთან განიხილებოდეს საქართველოს პრიორიტეტები", - განაცხადა საქართველოს ელჩმა ესტონეთში.

ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის “ერთი წარსული – ბევრი მომავალი” ღია დისკუსიაში.

სალომე ზურაბიშვილი ტალინში ნატოს კოოპერატიული კიბერთავდაცვის ცენტრს ეწვევა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები “მიკელის” მუზეუმში ფიროსმანის გამოფენას “მარტოხელა გენიოსის სამყარო” დაათვალიერებენ. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG