Accessibility links

site logo site logo

სასამართლომ გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა


სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” სარჩელი, რომლითაც არასრულწლოვანი გეი ბიჭი მამას ედავებოდა სახლის წართმევას, რის გამოც იგი უსახლკაროდ დარჩა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად ცნეს ჩუქების ხელშეკრულებები, რომლითაც მამამ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი შვილის სახელზე აღრიცხული ქონება, სიძულვილის მოტივით, მამამისს აჩუქა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული ბინიდან მოძალადე მამის და ბაბუის გამოსახლების შესახებ მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება მამის მხრიდან არასრულწლოვან შვილზე ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

„თანასწორობის მოძრაობა“ მოსარჩელესთან შეთანხმებით გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა აწარმოოს თუ არა.

მოტყუებით წართმეული ქონების ისევ არასრულწლოვნის სახელზე გადაფორმება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.

აღნიშნულ ქონებას 2019 წლის 7 თებერვლიდან ყადაღა ჰქონდა დადებული. სასამართლო გაეცნო “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების წარდგენილ შუამდგომლობას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია რომ ყადაღის გამოუყენებლობა გააძნელებდა, ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევდა სადავო ან დარღვეული უფლების განხორციელების შეუძლებლობას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

უძრავი ქონება ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს 5 წლის წინ აჩუქა. მას შემდეგ, რაც გაიგეს მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ეს ქონება მამამ, ბაბუამ და მამიდამ ერთი წლის წინ ჯერ გადააფორმეს ისევ ბაბუის სახელზე, შემდეგ კი მამიდაზე.

კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს, უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე აღრიცხული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ მამის ეს ქმედება განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით – მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს.

შვილის სახელზე აღრიცხული ქონების გაჩუქებამდე, მამა შვილზე ძალადობდა სისტემატურად: კვირაში ორჯერ, ან სამჯერ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მოძალადე მამა 2018 წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG