Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საარჩევნო კომისიამ გადასატანი ყუთების სიები ოპოზიცის ხმაურის ფონზე დაამტკიცა


ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 17 მაისის სხდომაზე გადასატანი ყუთის სია ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ სიაში ათეულობით ისეთი ადამიანია შეყვანილი, ვინც არ უნდა იყოს. მისივე თქმით, არსებობს ამის ვიდეომტკიცებულებებიც, რომლის შესწავლაც კომისიას არ სურს.

“საოლქო კომისიას სიის დამტკიცებამდე უნდა განეხილა საჩივრები და შეესწავლა მტკიცებულებები, რაც არ მოხდა”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. მისი თქმით, ეს არის არჩვენების გაყალბების მცდელობა. ოპოზიცია ითხოვს ასევე ზუგდიდის 81-ე საარჩევნო უბნის მდივნის თანამდებობიდან გადაყენებას. ოპოზიციის მტკიცებით, უბნის გადასატანი ყუთის სიაში დარღვევები აღმოაჩნდა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, არც ამ მოთხოვნის და არც მათ მიერ შეტანილი 150 საჩივრის განხილვას საოლქო კომისია არ გეგმავს და მიზანმიმართულად, პოლიციის დახმარებით, ჟურნალისტებს და ოპოზიციას გადაადგილებასაც კი უზღუდავს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში.

თავის მხრივ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ დაცვის პოლიცია კომისიის შენობაში უსაფრთხოების მიზნითაა მობილიზებული. მესხის თქმით, კომისიაში შესულია დოკუმენტაცია, რომელიც დალუქულია და შესაბამისად, ამითაა განპირობებული უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაც.

რაც შეეხება საჩივრებს, კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მათი განხილვა კანონით დადგენილი ვადებში მოხდება. გადასატანი ყუთების სიების უზუსტობასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებზე მირანდა მესხი აღნიშნავს, რომ სიები საუბნო საარჩევნო კომისიებში გადამოწმებულია.

XS
SM
MD
LG