Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: სამწუხაროა, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე ღიად არ აღინიშნება


„2019 წელს ლგბტ+ თემის, ლგბტ უფლებადამცველებისა და თემის მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ღიად არ აღინიშნება, უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების გზაზე”,- ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხება.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ამ დღის აღნიშვნის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში ძირითადად ძალადობრივ ქმედებებთანაა დაკავშირებული და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების უსაფრთხოებას.

სამწუხაროა, რომ ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა. საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ლგბტ+ ადამიანები განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.

ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა.

სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით არასაკმარისია და ვერ პასუხობს რეალურ გამოწვევებს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

იგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, გენდერული თანასწორობისკენ მიმართულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებში აისახოს ლგბტ+ პირების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დღის წესრიგი და ლგბტ+ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და თემის წარმომადგენლების ჩართულობა ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით სისტემური ხედვის ჩამოყალიბების ყველა ეტაპზე იყოს უზრუნველყოფილი.

XS
SM
MD
LG