Accessibility links

site logo site logo

თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები - ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა „აადუღონ“ სამეგრელო და აჭარა.

„როგორც ჩანს, მიუხედავად პოლარიზაციისა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშიც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა „აადუღონ“ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგენებ არჩევნებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე პროვოკაციები იმით აიხსნება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და ამიტომ ემზადება არეულობისა და დესტაბილიზაციისათვის.

„გუშინაც და ადრეც არაერთხელ განგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც მიმართა:

„გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არცერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG