Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ჟურნალისტები ფაქტობრივად თავს დაესხნენ პოლიციას


შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციაზე „თავდასხმად“ შეაფასა მასმედიის წარმომადგენლების ქმედება, როდესაც ისინი პოლიციელთა „პიკაპების“ დათვალიერებას ცდილობდნენ. სენაკში ჩასულმა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა სამართლებრივი შეფასებები მოჰყვეს.

„ის, რაც თქვენ გააკეთეთ, როდესაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფაქტობრივად თავს დაესხით და ის პოლიციელები მოთმინებით გიყურებდნენ, ამას, სხვათა შორის, რომ იცოდეთ, შეიძლება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს და შეფასებაც“, - განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს ინტერნეტ მედია ჯგუფის (itv.ge, presa.ge, droni.ge) დირექტორი გიორგი კაპანაძე.

ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტის სუზი მკრტიჩიანის ინფორმაციით, იმყოფებოდნენ სოფელ რუხში და ათვალიერებდნენ პოლიციის „პიკაპებს,“ სადაც ხელკეტები შენიშნეს. მკრტიჩიანის მტკიცებით, პოლიციელებმა კაპანაძე ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე დაკავებულია პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

გვაშინებს და გვაღელვებს ჩვენი მოქალაქეების, ზუგდიდელების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, - აცხადებს შს მინისტრი, რომელიც სენაკიდან ზუგდიდში აპირებს ჩასვლას.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არიან მობილიზებული ზუგდიდში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტომობილები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით, გიორგი გახარიამ უპასუხა:

„ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აღჭურვილობა, რომლის ძირითადი მიზანი არის მართვა და მართლწესრიგი... ეს მათი აღჭურვილობაა. ისინი სადაც არ უნდა გადაადგილდებოდნენ, მშვიდობიან პირობებშიც, როდესაც არ არის დიდი ემოციები და დიდი კონცენტრირება ერთ პატარა ქალაქში არჩევნების დროს ამდენი ხალხის, ეს მათი უფლებამოსილებაა“.

შს მინისტრის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აღჭურვილობის გამოსაყენებლად, რადგან საარჩევნო პროცესი წყნარად მიმდინარეობს. მაგრამ მინისტრის სიტყვებიდან გამომდინარე, თადარიგის დაჭერა მაინც აუცილებელი იყო, რადგან „ზოგიერთი პარტიის ზოგიერთი ლიდერი შორიდან იმუქრება, ძალიან შორიდან“.

XS
SM
MD
LG