Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის პრეზიდენტმა სექტემბერში დანიშნა ვადამდელი არჩევნები


ავსტრიის პრეზიდენტმა სექტემბერში დანიშნა ვადამდელი არჩევნები, საიდუმლო ვიდეოს გავრცელებით გამოწვეული პოლიტიკური სკანდალის ფონზე. ვიდეო ასახავს ვიცე-კანცლერის, ჰაინც-კრისტიან შტრახეს მხრიდან რუსი პოტენციური დონორისთვის კონტრაქტების შეთავაზებას, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა 19 მაისს, კანცლერ სებასტიან კურცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნები სექტემბრის დასაწყისში უნდა ჩატარდეს.

მანამდე კურცი გამოვიდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდებით, იმ ფონზე, როცა ვენაში ათასობით დემონსტრანტი გავიდა ქუჩაში სკანდალის გასაპროტესტებლად.

18 მაისს პოსტიდან გადადგომის განცხადება გააკეთა ვიცე-კანცლერმა, ჰაინც-კრისტიან შტრახემ. ის წარმოადგენს ულტრამემარჯვენე ორიენტაციის თავისუფლების პარტიას, რომელიც კურცის სახალხო პარტიასთან არის კოალიციაში.

ანტი-იმიგრაციული დღის წესრიგის და ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებთან კავშირების გარდა, თავისუფლების პარტიის ირგვლივ არსებობს ეჭვები რუსეთის ინტერესებისადმი განსაკუთრებული ღიაობის თაობაზე. 2016 წელს შტრახე მოსკოვში ჩავიდა, რათა თანამშრომლობის შეთანხმება გაეფორმებინა თავისუფლების პარტიას და კრემლის მიერ მხარდაჭერილ, ერთიან რუსეთს შორის.

XS
SM
MD
LG