Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" საარჩევნო უბნებზე მყოფ პირებს აფრთხილებს კანონი დაიცვან


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა კანონის სრულად დაცვით მოქმედებისკენ მოუწოდა საარჩევნო უბნებზე დარჩენილ ყველა პირს, რომელიც ხმების დათვლის პროცესს აკვირდება.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, თბილისში, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ ბრიფინგზე თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ყველა ოლქში, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია "არ იყო კონცენტრირებული განსაკუთრებით დიდი დოზით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, ხოლო იქ, სადაც განსაკუთრებული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციების და დაპირისპირების მცდელობა."

„დამკვირვებლების საფარქვეშ მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აფერხებდნენ და ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობას, სავარაუდოდ, შეეცდებიან ასევე, ხელი შეუშალონ ხმის დათვლის პროცესს“ - განაცხადა ჩუგოშვილმა. მან საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს მიმართა, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რათა არცერთი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს.

„გვინდა გავაფრთხილოთ ყველა პირი, რომელიც კენჭისყრის დასრულების შემდგომ იმყოფება უბანზე და აკვირდება ხმების დათვლის პროცესს, რომ მოიქცნენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი კომისიის მუშაობის პროცესს და ხმების დათვლის პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან მმართველი გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა ყველა მოქალაქეს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ასევე, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს და მხარდამჭერებს, რომლებიც „ოპონენტების პროვოკაციებს სამაგალითოდ გაუმკლავდნენ.“

თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციას, შსს-ს და დამკვირვებლებს.

„ამ არჩევნებზე ყველამ ერთად გავიმარჯვეთ“ - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, საარჩევნო დღე წარიმართა სერიოზული დარღვევების გარეშე, რასაც ყველაზე ცალსახად გამოხატავს საოლქო კომისიებში შეტანილი, ძირითადად ტექნიკური ხასიათის საჩივრების მინიმალური რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG