Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრა რულოვსი: თქვენ მე არ მიცნობთ, შუშის სასახლემდე გავუძღვები ხალხს


„ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური და თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურს მოგებულს, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“, - განაცხადა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა.

მისი თქმით, ის მზად არის, დაიაროს სოფელ-სოფელ, როგორც თავის დროზე ეს გააკეთა ზვიად გამსახურდიამ და თბილისში ბიძინა ივანიშვილის „შუშის სასახლემდე“ გაუძღვება ხალხს. სანდრა რულოვსის განცხადებით, ის არ ხუმრობს და ნებისმიერ ფასად გააკეთებს ამას, თუკი ზუგდიდში პირველ ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

„ჩვენ გვაქვს მოგებული პირველი ტური და ჩვენ არ დავუშვებთ მეორე ტურს იმიტომ, რომ არ გვჭირდება... ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით... რატომ?

იმიტომ რომ - ჩვენ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ. თუ ისინი მაინც პირველ ტურს გამოაცხადებენ, ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი. მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მაშინ, რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადასადგმელად და მე თუ არ გამომყვებიან თბილისამდე, იმ შუშის სასახლემდე, მე არ ვიცი...

თქვენ იცით, რაც გელოდებათ. მე არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში გამარჯვებული გამოაცხადოთ... იმიტომ, რომ მე ამისთვის ვარ მზად... რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს. თქვენ კიდევ არ მიცნობთ... ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ“,- განაცხადა სანდრა რულოვსმა, როცა ის მეგაფონით მიმართავდა ქუჩაში შეკრებილ ამომრჩევლებს.

მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის და ხულოს საარჩევნო ოლქებში. კობახიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზუგდიდის შემთხვევაში არ არსებობს მეორე ტურის მოსალოდნელობა და პირველსავე ტურში გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი - გიორგი (გეგა) შენგელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG