Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დახმარების პირობას დებს


ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი პრიორიტეტები გათვლილია ხალხის კეთილდღეობაზე, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენი ურთიერთობა სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, პრიორიტეტების მიხედვით, ყველაფერი, რასაც ერთობლივად ვაკეთებთ მაკროეკონომიკური მდგომარეობი8ს გაუმჯობესებისთვის, რეალურ წარმატებაზეა გათვლილი...

შეიძლება ეს ტერმინები ბევრისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ მაკროეკონომიკა არის სტიმული, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანს ინვესტორებს და ის არის სტაბილურობის გარანტი... სამუშაო ადგილების შემქმნელი დარგები არის ის, რასაც ხალხი ელის“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, მაგალითად - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებებით. კრისტინ ლაგარდმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მხარდაჭერას.

„უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო ის ამოცანები, რაც თქვენს პროგრამაში შედის და რაც დასახული გაქვთ თქვენი ხალხისთვის, იმისათვის, რომ სტაბილურობა და წინსვლა იქნას მიღწეული თქვენს საზოგადოებაში.

ჩვენ კვლავ ვკისრულობთ გააზრებულ ვალდებულებას თქვენს წინაშე. მეოთხე მიმოხილვა მალე დასრულდება. მესამე მიმოხილვა გასული წლის დეკემბერში დასრულდა. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანამ პროგრამა დაასრულოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი წარმატება გექნებათ.

მე დაგეხმარებით თქვენ და ქვეყნის ხელისუფლებას მომავალშიც, რომ რეფორმები განხორციელდეს იმ დასახული მიზნების შესაბამისად, რაც შეთანხმებულია ჩვენთან“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდი მადლიერება გამოხატა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და კონკრეტულად ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის მისამართით. პრემიერმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ სხვადასხვა ტიპის რეფორმებით მიაღწია.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ დიდი ხანია, ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა გვაკავშირებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ქალბატონი ლაგარდის ხელმძღვანელობის პერიოდში გახდა განსაკუთრებით ნაყოფიერი ჩვენსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობა და მინდა მას ამ თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო.

მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ჩამომიყალიბდა კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობები და მისი დღევანდელი ვიზიტიც გახლავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება იმ რეფორმებისადმი, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ.

როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს, როდესაც ვსაუბრობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ინოვაციებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვაზე სამეწარმეო საქმიანობაში, ნებისმიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ეს არის სწორედ ის წესრიგი, რომელსაც ქალბატონი ლაგარდი ყველგან ამკვიდრებს და მსურს, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG