Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩის“ მხარდამჭერები ცხვრები არ არიან, დაგველაპარაკეთ, თუ ხმები გინდათ


ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის ამომრჩევლებს ფეისბუკით მიმართავს. ვიდეო "გირჩის" ახლადგახსნილ "საროსკიპოში" საბჭოთა კავშირის დროშისა და სექსათამაშოების ფონზეა ჩაწერილი.

„თუ ხმები გინდათ, უნდა დაიწყოთ თხოვნით, არსებობს ასეთი ზმნა ქართულში - თხოვნა. „ახლა დროზე აასხით „გირჩმა“ საარჩევნო ხმები და დროზე შემოხაზეთ ჩვენი კანდიდატი, თორემ "ქოცებს" დაგიძახებთო, ეს თხოვნა არ არის. ეგ არის მორალური დამუნათება, რაც შესაძლოა, თქვენს აქტივისტებზე მოქმედებს, მაგრამ „გირჩში“ ეგეთი დამუნათება მაგრად გვკიდია“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე დაახლოებით 10-წუთიან ვიდეოჩანაწერში.

"გირჩის" ლიდერის სიტყვებით, ეს იყო პასუხი მათთვის, ვინც, გადაწყვიტა, „გირჩს“ „მორალური უპირატესობის პოზიციიდან“ ელაპარაკოს.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია არ არის სტანდარტული ქართული პარტია, კლასიკური სტრუქტურით, კოორდინატორებითა და უბნის უფროსებით, რომელშიც „პარტია ზემოდან ქვემოთ ჩაასხამს ფულს და ხმებს საითაც უნდა იქით გაუშვებს“ და რომ „გირჩის“ ხმები არავის ჭკუაზე არ დადის, რადგან მათ პარტიაში „ცხვრები არ არიან“. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ „გირჩელები“ ვინმემ რამეში დაარწმუნოს, დალაპარაკებაა - თუ რატომ იმსახურებს ესა თუ ის კანდიდატი „გირჩის“ ამომრჩევლების ხმებს.

ზურაბ ჯაფარიძის ამ მიმართვის წინაპირობა გახდა ოპოზიციის ბლოკის წევრების უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ „გირჩი“ უპირობოდ არ უჭერდა მხარს დეპუტატობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს მთაწმინდის ოლქში ჩასატარებელ მეორე ტურში (როგორც ცნობილია, "გირჩის" კანდიდატმა, გერმანე (ჰერმან) საბომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გამართულ არჩევნებში ხმების 4,76% მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა).

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შალვა შავგულიძე „გირჩის“ წარმომადგენლებთან შესახვედრად, მიწვევის მიუხედავად, არც კი მივიდა:

„ჩვენ მას შევთავაზეთ, მოსულიყო და რამდენიმე ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გაეცა. მათ შორის, გაგვერკვია, რანაირი ადამიანია, რა ღირებულებები აქვს, რა ფასეულობები და რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანისგან... ყველა მოვიდა, მათ შორის - ანდრიაძე მოვიდა საპატრიარქოდან, მოვიდა მიხეილ გელა სალუაშვილიც კი... შავგულიძე არ მოვიდა... მეტიც, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ფეისბუკზე აქეთ გვამუნათებდნენ - ვინ ჩემი ფეხები ხართ, თქვენთან რომ მოვიდეთო“.

გვიან ახლაც არ არის, ამბობს „გირჩის“ ლიდერი და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს სთავაზობს დაელაპარაკონ „გირჩელებს“. ამის გარეშე, მათ მხარს არავინ დაუჭერს.

ჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად შალვა შავგულიძის წესიერებისა, ის მაინც არის „ფასადზე გამოდგმული თოჯინა“, რომლის გაშვებას „ევროპული საქართველო“ ჯერ გენპროკურორის თანამდებობაზე აპირებდა, ახლა პარლამენტში აპირებს შეუშვას:

"ახლა არჩევნებმა ორი რამ უნდა აჩვენოს - თუ შავგულიძე გაიმარჯვებს, ეს იქნება სიგნალი, რომ ბიძინა ივანიშვილი სუსტდება, და მეორე, რომ „ევროპული საქართველო“ პოზიციებს იმყარებს. პირველი კარგია, მაგრამ მეორე რამდენად კარგია, „გირჩში“ ამაში არ ვართ დარწმუნებულები. მანამ სანამ თქვენი პარტიის თავმჯდომარე დიდი კელაპტრებით დარბის რელიგიურ დღესასწაულებზე ტელევიზიაში გამოსაჩენად, სანამ ღიად საპატრიარქოს წინააღმდეგობას ვერ უწევთ, სანამ დეკრიმინალიზაციაზე გაქვთ პოზიცია, რომ მხარს კი უჭერთ, მაგრამ კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რეალურად კი მხარს უჭერთ იმას, რომ უდანაშაულო ხალხი გაუშვათ ციხეში, მანამ ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს გამარჯვებაზე“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.

ზურაბ ჯაფარიძეს ფეისბუკზევე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ და განაცხადა, რომ ვერ გაიგო, კონკრეტულად ვის უპასუხა „გირჩმა" რადგან „ევროპულ საქართველოს“ არანაირი განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

„ფბ, მოგეხსენება, თავისუფალი სივრცეა და ვისაც რა სურს იმას ამბობს, იქნება ეს „ევროპული საქართველოს“ თუ „გირჩის“ მომხრე. მოვისმინე შენგან ბევრი უსამართლო ბრალდება. მაგრამ მთავარში გეთანხმები - თუ გინდა ვინმე მიიმხრო, მას უნდა ესაუბრო. შალვა შავგულიძის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ. ის თავისას გეტყვით (ის რომ შალვა თოჯინაა ვინმეს ხელში უბრალოდ ღვარძლიანი ტყუილია. თუ რამე აქვს ამ კაცს - ვერავინ თავს ვერაფერს მოახვევს)“, - წერს გიგი უგულავა.

გიგი უგულავამ ზურაბ ჯაფარიძეს შეხვედრა და ყველა საჭირბოროტო საკითხზე საუბარი შესთავაზა: „მგონი, უკვე დროა“, - დაწერა ფეისბუკზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა.

21 მაისს "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ზურაბ ჯაფარიძე იმ პოლიტიკოსების პირველ ხუთეულში მოხვდა, რომელთა მიმართაც მოსახლეობას (35%) უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. მასთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ:

  • 39% - ბიძინა ივანიშვილი;
  • 35% - ზურაბ ჯაფარიძე;
  • 33% - ნიკა მელია, ეკა ბესელია;
  • 32% - მიხეილ სააკაშვილი;
  • 30% - ნინო ბურჯანაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG