Accessibility links

site logo site logo

სტუდენტის მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პროფესორი საკრებულოს წევრია


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გოგონამ, რომელიც ერთ-ერთ პროფესორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას.

კომისიის წევრები არიან უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეთიკის კომისია იმსჯელებს პროფესორისთვის შრომითი ხელშეკრულების დროებით შეჩერებაზე. თუ მოკვლევის პროცესში ფაქტი არ დადასტურდება პროფესორს ხელშეკრულებას გაუგრძელებენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პროფესორი, რომელსაც სტუდენტი გოგონა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის საკრებულოს წევრიცაა. შეკითხვაზე, ხომ არ მოახდენს ეს ფაქტი რაიმე გავლენას ეთიკის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, მერაბ ხალვაშმა გვიპასუხა: „არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ეთიკის კომისიისთვის ეს არ იქნება. ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ."

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონას ინფორმაციით, მას სამართლის პროფესორი შეტყობინებებს უგზავნიდა და „თამამი სელფების“ გაგზავნას თხოვდა. სტუდენტი ამბობს, რომ ტელეფონში შენახული აქვს ლექტორისგან მიღებული შეტყობინებები და მათზე პასუხები.

შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG