Accessibility links

სააკაშვილი: მხარს ვუჭერთ შავგულიძეს, ვმუშაობთ ხალხთან და ვხსნით ახალგაზრდულ სკოლას


მთაწმინდაზე მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ხალხი ითხოვს შველას და საჭიროა მათი დაორგანიზება გადამწყვეტი მომენტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობს საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. ის ამბობს, რომ ახლა უიმედობის დრო არ არის, რადგან პროცესები კარგად მიდის.

„მოთქმა, რომ ვაიმე, ყველაფერი ცუდად არის, რა გვეშველება, საშველი არ არის, უნდა დავივიწყოთ... ბოლო შუალედურმა არჩევნებმაც აჩვენა, რომ მაგრად მივიწევთ წინ... გამოკითხვები ნახეთ? პირველად „ნაციონალური მოძრაობა“ გაუტოლდა „ოცნებას“ გამოკითხვებში, სადაც ხალხი, როგორც წესი, სიმართლეს არ ამბობს... მინიმუმ გვაქვს ორმაგი უპირატესობა და ეს მხოლოდ გაიზრდება. ივანიშვილის პირადი რეიტინგი არის კატასტროფულად დაბალი და ხალხს ის უბრალოდ ეზიზღება.

რა თქმა უნდა, ეს არის ის საფუძველი, რაზეც ასევე დადგება ჩვენი გამარჯვება. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდეგ გეგმაზე. ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ შავგულიძეს მთაწმინდაზე და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც, მაგრამ მთავარი ახლა ასევე არის... თუ რას ვეტყვით ჩვენს ხალხს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და სხვები დაივლიან საქართველოს და ხალხს მოამზადებენ, „გადამწყვეტ მომენტში“ მათ მისაყვანად ბიძინა ივანიშვილის „შუშის სასახლესთან“.

„ხალხი ითხოვს შველას, დახსნას. ხალხი ითხოვს ორგანიზებას და ხალხი ითხოვს არგაჩერებას. ხელების ჩამოშვებაზე და დანებებაზე საერთოდ აღარც ვლაპარაკობთ. ამიტომ სანდრა და ბევრი სხვა წავა და მოივლის მთელ საქართველოს, ქუჩა-ქუჩა, სოფელ-სოფელ დაიწყებს ხალხის დაორგანიზებას, რათა შემდგომ ისინი გადამწყვეტ მომენტში მიიყვანონ შუშის სასახლესთან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ზაფხულში იგეგმება ახალგაზრდული სკოლის შექმნა ყვარელში. ახალგაზრდები ქვეყნის მართვისთვის აუცილებელ ცოდნას მიიღებენ და სკოლაში ვერ მოხვდებიან საეჭვო პირები, რადგან ყველა აპლიკანტი სიცრუის დეტექტორზე შემოწმდება.

„ეს იქნება სკოლა, სადაც მივიწვევთ 500 ახალგაზრდას. ვესაუბრებით მათ ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორად გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ. ეს ახალგაზრდები შექმნიან საქართველოს მომავალი ხელისუფლების ბირთვს.

ბორია, თავს ნუ შეიწუხებ იქ სუსის ხალხის ჩანერგვით, რადგან სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ გაგვიძვრება. ეს კარგად ვისწავლე მე უკრაინაში და სხვაგან... აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციების წასაკითხად, კულტურის მოღვაწეებს... კულტურული პროგრამა გვექნება, ერთმანეთის გაცნობის პროგრამა გვექნება, კარგად გავუმასპინძლდებით მათ იქ, ვენახებში აუცილებლად...

ეს იქნება ის სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს შემდგომი ძალიან მკვეთრი ეტაპისთვის ჩვენი ოლიგარქის მოშორების შემდგომი ქმედებების (მხრივ). ახლა გაჩერების დრო ერთი წამითაც არ არის... 2003 წელს ცხვარიჭამიაში გვქონდა ასეთივე სკოლა მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის... ამჯერად ეს არ იქნება პარტიული სკოლა...

ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ვინც არის ნიჭიერი, ინოვაციური, ვისაც უნდა საქართველოს გადარჩენა და ვისაც უნდა შემდგომ საქართველოს მართვაში მონაწილეობის მიღება, აქ იქნება მიღებული ჩვენს მიერ. მე თვითონაც ჩავერთვები დისტანციურად, რადგან, რა თქმა უნდა, მე ვამზადებ საფუძველს ჩემი დაჩქარებული წესით დაბრუნებისთვის საქართველოში და ბრძოლაში ჩართვისთვის“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG