საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ 22 მაისს საღამოს, ფეისბუქზე დაწერა, რომ დადგა ახალი ეპოქა - ახალი პრეზიდენტი, ამიტომ იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ვოლოდიმირ ზელენსკის სახელზე შეიტანა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სამართლიანობის აღდგენის და უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ.
ადვოკატმა გამოაქვეყნა სააკაშვილის მიმართვის ტექსტიც, რომელიც მის მიერ უკრაინაში დაარსებული პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ ოფიციალურ ბლანკზეა დაწერილი. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მოქალაქეობა უკანონოდ წაართვეს, რადგან უკრაინის კონსტიტუციით არ შეიძლება უკრაინის მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ხოლო საერთაშირისო სამართლით დაუშვებელია ადამიანის დატოვება მოქალაქეობის გარეშე. მიხეილ სააკაშვილი ასევე წერს, რომ მას არ სჭირდება არანაირი თანამდებობა და პრეფერენციები.
უკრაინის წინა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2015 წელს მისცა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს.
პოროშენკოს მმართველობის დროს სააკაშვილს 2021 წლამდე აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.